სკანდალური საიტის WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის განცხადებით, საიტი 2013 წელს კიდევ მილიონი სკანდალური ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს, რომელიც „ბევრ ქვეყანას შეეხება“.
ეს განცხადება ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს აივნიდან გააკეთა.
უკვე ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა თავშესაფარი ეკვადორის საელჩოს სთხოვა და მას შემდეგ საელჩოს შენობაში იმყოფება. ასანჟს ეშინია შვედეთმა, სადაც მას სექსუალური ძალადობისთვის გასამართლება ელოდება, ამერიკას არ გადასცეს, სადაც ასანჟს უკვე სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, სერიოზული სასჯელი ელოდება.
ეკვადორის საელჩოს აივანზე სიტყვით გამოსვლისას, ასანჟს საელჩოსთან 80-მდე გულშემატკივარი უსმენდა, ბევრ მათგანს ხელში სანთლებიც ეჭირა.
საიტის მფლობელმა მადლობა გადუხადა შეკრებილ გულშემატკივრებს და განუცხადა, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია მასთან შეხვედრა საელჩოში შესაბამისი პროცედურებისი გავლის შემდეგ.