„ქართული პარტიის“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფმა „ქართული პარტიის“ წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
პარტია ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი „ქართული პარტიის“ წევრების - ლევან ტერაშვილის, კახაბერ ტერაშვილისა და დავით შიუკაშვილის წერილს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ისინი 11-დღიან შიმშილობას წყვეტენ.
პარტიის ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა სწორედ, ამ ადამიანების სოლიდარობის მიზნით დაიწყო და შესაბამისად, შიმშილობა მანაც შეწყვიტა.
„მადლობას ვუხდით ყველა პოლიტპატიმარს, საპარლამენტო კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, ჟურნალისტებს, რომლებმაც ჩვენი პოლიტპატიმრებად აღიარების საკითხში სწორი პოზიცია დაიკავეს. სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა ჩვენი გვარები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანი და დასამტკიცებელი პოლიტპატიმრების სიიდან ამოიღო. აღნიშნულის გამო ჩვენ შიმშილობაც გამოვაცხადეთ, თუმცა ვხედავთ, რომ მათ, ვისაც ამის უფლებამოსილება და ვალდებულებაც გააჩნდა, არც ჩვენს 11-დღიან შიმშილობას მიაქციეს ყურადღება. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ შერჩევითი სამართალი ხორციელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე დევნილი და ახალი ხელისუფლების მიერ, ჯერ არაღიარებული პოლიტპატიმრები ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე ვწყვეტთ შიმშილობას და ჩვენი პოლიტპატიმრებად აღიარებისთვის ბრძოლას აუცილებლად ყველა სამართლებრივი მეთოდით გავაგრძელებთ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით“, - ნათქვამია „ქართული პარტიის“ წევრების ლევან ტერაშვილის, კახაბერ ტერაშვილისა და დავით შიუკაშვილის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილ განცხადებაში.