საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიდი ხანია ესმის ოცნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურდება და აღნიშნავს, რომ „არც „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება პოლიტიკური არენიდან და, რა თქმა უნდა, არც მე“.
„ის ოცნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურდება, დიდი ხანია მესმის. ეს არის გაცხადებული მიზანი, თუმცა ეს ვერ მოხდება. არც „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება პოლიტიკური არენიდან და, რა თქმა უნდა, არც მე გავქრები პოლიტიკური არენიდან. მე ვამაყობ იმით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოვიყვანეთ წინ და ძალიან ბევრს კიდევ გამოვიყვანთ. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაფართოვდეს და ახალ ხალხს შემოიყვანს. მე არსად მივდივარ ქართული პოლიტიკიდან და ამის იმედი არ ჰქონდეთ. ასევე, არსად მივდივარ საქართველოდან. ზოგს უკვე ჰგონია, რომ ავსტრალიაში მივდივარ, ზოგს ჰგონია, რომ ამერიკაში მივდივარ. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არსად წასასვლელი არ მაქვს. საქართველო არის ჩემი სამშობლო, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ მოვკვდები. არც ხვალ იქნება სამყაროს აღსასრული, არც საქართველოსი, არც „ნაციონალური მოძრაობის“, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი დაწყებული ბრძოლა და რეფორმები მივიყვანოთ ბოლომდე“,- განაცხადა სააკაშვილმა.