საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე „ბანკი ქართუს“ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომლის შესახებაც განცხადება შსს-ში 17 დეკემბერს გაკეთდა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი მოწმის სახით არის დაბარებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ადეიშვილი დაკითხვაზე 10:00 საათზე დაიბარა.
შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრ, შალვა ადეიშვილს.
„დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.
მოდულის შენობაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე არ მისულა. შენობასთან არც მისი ადვოკატი გამოჩენილა.