ის, რაც ქუთაისში მოხდა, ვაფიქსირებ, არ უნდა მომხდარიყო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში საუბრობს.
პრემიერის მტკიცებით, ეს მიზანმიმართულად არ მომხდარა.
„ის, რაც ქუთაისში მოხდა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კავშირში არ იყო, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ არ უნდა მომხდარიყო. ძალადობა იყო გამოყენებული ხალხის მხრიდან და ეს არ არის კარგი. გარწმუნებთ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდებოდა. გუშინდელ განცხადებაშიც გავაკეთე მინიშნება, რომ ეს ძველი სისტემის ამონაფრქვევს ჰგავს. ასეთი რამის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ცოტა დრო გვჭირდება" - აღნიშნავს ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი კანონიერ ფორმებში მოექცევა.
„თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, რაც ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობებში ხდება, ორი-სამი შემთხვევა შეიძლება ჩავთვალოთ ისეთად, რომ ეს იყო ძალიან უხეშად გაკეთებული და ჩვენ გავაგრძელებთ ამის კვლევას, თუ ჩვენი მხრიდან ვინ იყო მონაწილე და თუ იყო ასეთი, დაისაჯოს" - განმარტა პრემიერმა.