საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი გაზეთ „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოუწიოს.
„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. ამაზე შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება" - განმარტავს ივანიშვილი.
პრემიერის აზრით, ეს პროცესი მარტივი არ იქნება, რადგან რკინიგზის მშენებლობა დაწყებულია.
„მშენებლობის დაწყებამდე ეს პროცესი უფრო ადვილი იქნებოდა, ახლა კი ძალიან ძნელია. მეზობლებსა და წინა ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ამავე დროს აქ არის კითხვები და ამას პასუხი სჭირდება. ჩვენმა წინაპრებმა გეოგრაფიულად უნიკალური ადგილი დაგვიტოვეს და ამას პატრონობა და სწორი გამოყენება უნდა, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.