საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საშუალება მისცეს და მიხეილ სააკაშვილს ახალ საპარლამენტო არჩევნებში ხვალვე გაჰყვეს.
„თუკი ხვალ პრეზიდენტი გამოვა და იტყვის, რომ მას დღეს არა აქვს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და ეს მიეცემა აპრილში. მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ხვალვე გავყვებით, პარლამენტში უმრავლესობა არ შევა და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს. როდესაც უნდა, მაშინ თქვას და ამით ნუ გვაშინებენ. ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგან ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მხარდაჭერას ვკარგავთ, პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და უფრო მეტ ხმას მოვიპოვებთ იმიტომ, რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და ყველაფერს მოვაგვარებთ" - აცხადებს ივანიშვილი გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში.
აღნიშნულის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვერავითარ სამთავრობო კრიზისს ვერ შექმნის.
„პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი წარუდგინოს. მაგრამ ძველი ასრულებს მოვალეობას იქამდე, ვიდრე პარლამენტი ახალს დაამტკიცებს. მეორეც, პრეზიდენტი ვერ გამოიწვევს კრიზისს ვერც აპრილში, როგორც ისინი აპელირებენ, რამდენადაც მას შეუძლია, სამჯერ წარუდგინოს მთავრობა და დათხოვნის უფლება აქვს აპრილში, სამი კვირის განმავლობაში" - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.