პარლამენტმა საქართველოს 2013 წლის 8 748.5 მლრდ ლარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 2012 წელთან შედარებით, 628, 5 მლნ ლარით იზრდება. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, ახალი მთავრობის პრიორიტეტული სფეროების - ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება იზრდება. ხოლო, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება შესაბამისად, 15,2 მლნ და 30 მლნ ლარით მცირდება.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბიუჯეტო პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარადგინა, თუმცა, იმის გამო, რომ უმცირესობა დროებით საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს, საბიუჯეტო ნიშნულებს მხოლოდ უმრავლესობის წევრები გაეცვნენ.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 8 748.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 7 971.0 მლნ ლარს შეადგენს, გრანტები - 127.5 მლნ ლარს და კრედიტები - 650.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 7 255.4 მლნ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 422.5 მლნ ლარია. ასევე 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 920.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.6%-ს შეადგენს. 2013 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ საპროგნოზო მაჩვენებელი 300.0 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
დამტკიცებული ბიუჯეტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 535.0 მლნ ლარით იზრდება და 2 მილიადრ 345 მილიონ ლარს გაუტოლდება. გარდა ამისა, სოციალური ხარჯებისკენ მიმართული იქნება მილიარდ 630 მილიონ ლარზე მეტი. დაზღვევასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმა ასეთია - თებერვლიდან ივლისამდე დაუზღვეველი მოსახლეობისთვის საბაზისო პაკეტის შემოღებისთვის გათვალისწინებულია 68.0 მლნ ლარი, ხოლო პირველი ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის შემოღებისთვის გამოყოფილია 163.0 მლნ ლარი. სულ 2013 წელს ახალი ბენეფიციარების დაზღვევაზე 230.0 ლარზე მეტი მიიმართება.
რაც შეეხება პენსიებს, ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია 1 სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს - 150 ლარამდე გაუტოლდება. ამას გარდა, 1 აპრილიდან 67 წლის პენსიონერების პენსიას უფრო დაბალი ასაკის პენსიონერთა (110 ლარი) და პირველი კატეგორიის ინვალიდების პენსია (100 ლარი) გაუთანაბრდება და 125 ლარით განისაზღვრება. ასევე გაიზრდება II ჯგუფის ინვალიდების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსიები და 100 ლარით განისაზღვრება. ამასთან, აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვილი მოქალაქეების პენსიებთან დაკავშირებული უსამართლობა და აღდგება რეგრესული პენსიების დაფინანსება. სულ 2013 წელს პენსიების ზრდის დამატებითი ხარჯი აჭარბებს 140 მლნ ლარს.
ამას გარდა, ბიუჯეტით, პირველი ივლისიდან დაგეგმილია გაჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების ზრდა. კერძოდ, 57 ათას ქულამდე მყოფი ოჯახის პირველი წევრი 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარის ნაცვლად, - 48 ლარს. სოციალური დახმარებების გაორმაგების დამატებითი ხარჯი 70 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ახალი მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტით, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების ვაუჩერული დაფინანსების მოცულობა იზრდება და 380.0 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში, დაგეგმილია ყველა მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 60, 7 მლნ ლარი. ცალკე ქვეპროგრამის სახით, 5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მეცნიერების აღდგენისა და განვიტარებისათვის. 2.6 მლნ ლარი გათვალისიწნებულია იმ მოსწავლეების სკოლებში ტრანსპორტირებისათვის, რომელთაც სკოლების გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შორი მანძილის დაფარვა უწევთ. ასევე სტუდენტების სასწალო გრანტები გაზრდილია 15.7 მლნ ლარით და 57.7 მლნ ლარს შეადგენს. ხოლო, მლნ ლარი გათვალისიწნებულია სადოქტორო პროგრამების დასაფინანსებლად.
რაც შეეება მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროს - სოფლის მეურნეობას, ბიუჯეტით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისათვის გათვალისწინებულია 86 მლნ ლარი, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და მათი ექსპლუატაციისთვის 64.4 მლნ ლარი. ხოლო, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის 25.0 მლნ ლარი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ბიუჯეტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებიდან 501, 7 მლნ ლარი მიიმართება საგზაო, ხოლო 181, 9 მლნ ლარი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე.
პარლამენტმა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები დაიცვა, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის პროექტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, ანუ დეკემბრის მესამე პარასკევადე უნდა დაამტკიცოს.