ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ ერთერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის მოქმედი დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ვერ ჩაითვლება ყოფილი ჩინოვნიკის ჩვეულებრივ, რიგით დაკავებად, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა საქართველოში. მედიასაშუალების ხელმძღვანელის მიმართ ასეთი ქმედება აშკარად იძლევა ლეგიტიმური ეჭვის საბაბს, რომ ეს არის ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, რაც არასასიამოვნო ასოციაციას აჩენს 2003 წელთან, როდესაც „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო ანალოგიური მეთოდებით ტელევიზიების საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა.
საზოგადოებისთვის დღემდე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა გვარამიას უარი არ განუცხადებია საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე, ის არ აპირებდა არსად გაქცევას და უპრობლემოდ შეიძლებოდა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე საგამოძიებო ქმედებების განხორციელება.
ახალი ხელისუფლება ვალდებულია მსგავს სიტუაციებში საზოგადოებას იოტისოდენა ეჭვის საბაბი არ დაუტოვოს და ამით წინა ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული რეპუტაცია შეინარჩუნოს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მედიასაშუალების ხელმძღვანელს.
სატელეფონო მოსმენები, წინასწარი პატიმრობა ისეთი დისკრედიტებული ქმედებებია წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ახალი ხელისუფლების მხრიდან ითხოვს მაქსიმალურ გამჭვირვალობას, სიფრთხილეს და მეტ დამაჯერებლობას, რათა ყველაფერ ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თავისუფალ მედიაზე შეტევის მცდელობის შეფასება არ მიეცეს.
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები და არგუმენტები სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში არ დაემსგავსოს წინა ხელისუფლების ქმედებებს და არგუმენტებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაუფრთხილდეს საკუთარ და პირველ რიგში, ქვეყნის რეპუტაციას და იმოქმედოს დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ფარგლებში.