მთავარი პროკურატურა ელიტური კორუფციის სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მთავარი პროკურატურის მიერ, ერთობლივად გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ელიტარული კორუფციის სქემა. დაკავებულია საქართველოს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და „ელედეფსერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ასევე სააუდიტორო კომპანია „გუტიძე-დამენია-ჩანტლაძე პრომოუშენის“ დამფუძნებლები კახა დამენია და იზაბელა გუტიძე. მინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული გამოძიება დაიწყო 2012 წლის 6 ნოემბერს. 11 კი ნოემბერს პრესაში, მოგვიანებით კი, ინტერნეტ-გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია „თელასში“ მიმდინარე კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. ამავდროულად გამოქვეყნდა კონკრეტული დოკუმენტი, კერძოდ,შპს „ელედეფსერვისის“ მიერ „თელასისათვის“ წარდგენილი ინვოისი საკონსულტაციო მომსახურებისასთვის 450 000 აშშ დოლარის გადარიცხვაზე. „ელედეფსერვისი“ ამ ინვოისის შექმნის დროისათვის ერთი თვის შექმნილი იყო და არანაირი გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით არ გააჩნდა. გამოძიება მიმდინარე საქმეზე 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მოპოვებული იქნა კონკრეტული მტკიცებულებები. საქმის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში. 2012 წლის იანვარში დაკავებული იქნა სს „თელასის“ 5 თანამშრომელი, რომელთაც საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ 5 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეულ წინაპირობას იმისათვის, რომ სს „თელასში“ მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე საგადასახადო შემოწმების ჩატარება. ამავდროულად შეიცვალა „თელასში“ დირექცია. სწორედ ამის გამო "თელასის" ხელმძღვანელობას შეექმნა შთაბეჭდილება, საკმაოდ საფუძვლიანი იმისათვის, რომ დაეწყოთ მოლაპარაკება ენერგეტიკის სამინისტროსთან შესაბამისი საგადასახადო მოლაპარაკების თაობაზე. აღნიშნულის გამო რუსული მხარის მიერ მიჩნეული იქნა ორივე მხარისათვის მისაღები პიროვნება დევი კანდელაკი, რომელიც ჩართული იქნა ამ მოლაპარაკებაში. იმისათვის, რომ საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულიყო, აღნიშნულზე დაწყებულიყო საუბარი და გამოხატულიყო სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას სახით, ნება, საგადასახადო შეთანხმება შემდგარიყო, მოთხოვნილი იქნა ერთი მილიონი ამერიკული დოლარი. შემუშავდა შესაბამისი სქემა ალექსანდრე ხეთაგურის მიერ ნიკა გვარამიასათვის დავალების შედეგად. სწორედ აღნიშნულ სქემაზე არის საუბარი ამ სისხლის სამართლის საქმეში. გამოძიება მზად არის, გასცეს ყველა კითხვას პასუხი“,- განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით მჭედლიშვილმა