მე არ მინდა მოგიწოდოთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ამ სიტუაციას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ის თვითმმართველობებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა და საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა დაუმტკიცეს, მადლობა გადაუხადა. სააკაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა" ის პარტიაა, რომელსაც ვერავინ დაშლის.
„მე არ მინდა მოგიწოდოთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ამ სიტუაციას, მაგრამ სიმტკიცით უნდა შევხვდეთ. სიმტკიცით, ორგანიზებულობით - ხელი ხელს ჩავკიდოთ ყველამ. რა თქმა უნდა, საკრებულოს ზოგიერთ წევრს არ ეყო გამბედაობა და ზოგიერთი გამგებელი სულსწრაფი აღმოჩნდა, მაგრამ მე არავის ვამტყუნებ, ყველა ადამიანს ჰყავს ცოლი, შვილი. ამავე დროს მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება თქვენდამი, იმ საკრებულოების წევრების, რომლებსაც ოჯახის წევრები დაუჭირეს, მაგრამ მაინც არ წავიდნენ. მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ, როგორც პრეზიდენტი, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც თავისი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, ვერავინ ვერ დაშლის" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბანკ „ქართუს" გაკოტრების გეგმა მზადდებოდა და მასში პრეზიდენტის ინსტიტუტიც იყო ჩართული, მან აღნიშნა, რომ ტყუილები, რომლებიც ახლა ისმის, მალე დასრულდება.
„თურმე პრეზიდენტი ედგა სათავეში ერთი კონკრეტული ბანკის გაკოტრების მცდელობას და ვერ გააკოტრა, ვაიმე, როგორი წარუმატებელი პრეზიდენტია - ამ ყველაფერს დასასრული ექნება, მთელ საქართველოში გაიფანტება ბურუსი, ის ხალხი, ვისაც ასე არბენინებენ, დაიღლება, ხალხი არა, ისინი ბრბოა ნამდვილად. ჩვენ ყველანი გავალთ სამშვიდობოზე. ძალა ერთობაშია" - აღნიშნა პრეზიდენტმა.