საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს, სავარაუდოდ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივყავართ, რაც ძალიან არასასურველი და სახიფათოა.
აღნიშნულის შესახებ, გია ბარამიძემ დღეს, თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არის მშვიდობიანი აქცია, მოქალაქეების და ჩვენი, პოლიტიკოსების პოლიტიკური პროტესტი იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რაც ბოლო დროს ხდება. მაგრამ გუშინდელი დღე იყო ერთგვარი კულმინაცია, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა ოთხივე ხელისუფლებას, მათ შორის მედიის წინააღმდეგ დარტყმა განახორციელა. ეს ქმედება ყველაზე ცუდ წლებშიც კი არ მომხდარა, რომ დაეჭირათ თავისუფალი ტელევიზიის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ის ძალადობრივი პროვოკაცია, რომელიც პრეზიდენტის და ოპოზიციის შეკრების წინააღმდეგ მოეწყო, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ცინიკურად დასაკითხად დაბარება და იმ ადამიანის დაჭერა, ალეკო ხეთაგურს ვგულისხმობ, რომელიც ქვეყანაში უშუქობის პრობლემის დაძლევის სიმბოლოა, ეს ყველაფერი სახიფათო სახეს იღებს. ამას მივყავართ, სავარაუდოდ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც ძალიან არასასურველი და სახიფათოა და ეს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ჩვენ ქვეყანას, არც ნატო-ში გაწევრიანების და არც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა ბარამიძემ.
უმცირესობის წარმომადგენელი აღნიშNავს, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ ყველა იმ მშვიდობიანი მეთოდით, რის საშუალებასაც კონსტიტუცია და ხალხი მისცემს, როგორც პარლამენტის კედლებს შიგნით, ასევე გარეთ.
„გუშინ წამოვედით პარლამენტიდან და იქ მიბრუნებას საჭიროდ არ ჩავთვლით, რადგანაც არ მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას ანტურაჟი უნდა შევუქმნათ, თითქოს ყველაფერი კარგად და ნორმალურადაა“, - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, ალექსანდრე ხეთაგურისა და გიორგი ნესმიწვრაძის მხარდამჭერი აქცია უკვე დასრულდა.