რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, კონფლიქტების მოგვარება გრძელვანიადი საქმეა.
აღნიშნულის შესახებ, პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
ზაქარეიშვილის თქმით, კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ყოველი ნაბიჯის მომზადებას, ამ ნაბიჯის გადადგმას და შემდეგ უკვე, ამ ნაბიჯის მიღებას, ვისთვისაც ეს განსაზღვრულია, დრო სჭირდება.
„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა მათ დაინახონ, რომ მშვიდობიანი პროცესის ეტაპი დაიწყო. თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, სანამ მინისტრი იქნება, მის თავში არ გაიელვებს არც ერთი გეგმა, რომელიც მიმართული იქნება აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნავს, რომ ნაბიჯები, რომლებიც მომავალში იქნება გადადგმული, ამავდროულად საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან იქნება თანხვედრაში.
„დღევანდელ საქართველოს ძალიან ცოტა რამ შეუძლია შესთავაზოს აფხაზებსა და ოსებს, თუმცა მომავალ საქართველოს - ძალიან ბევრი. პირველ რიგში, ეს არის განვითარება, რასაც რუსეთისგან ვერ მიიღებენ. 3-4 წელიწადში საქართველო იქნება ისეთი ქვეყანა, რომელიც აფხაზებსა და ოსებს არსებით განსხვავებას დაანახებს მასსა და რუსეთს შორის.
ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, ველოდებით შედეგებს. უკვე შედგა ჟენევის მორიგი რაუნდი, სადაც მივიჩნევ, რომ ძალიან საინტერესო მასალები ამოვიდა. აფხაზებმა და ოსებმა იჩქარეს, დაასწრეს მოვლენებს და ამით ქართული მხარის პოზიცია და არგუმენტები გააძლიერეს. მარტის ბოლომდე ანუ ჟენევის შემდეგ შეხვედრამდე, გვაქვს დიდი დრო, მათი ეს შეცდომა გამოვიყენოთ. შეცდომად იმას მივიჩნევ, რომ ჟენევის ერთ-ერთ სესიიდან აფხაზი და ოსი მონაწილეები გავიდნენ, მაშინ როცა ქართული მხარე საუბარს კონკრეტულ თემებზე აპირებდა. აღმოჩნდა, რომ ისინი არ იყვნენ მზად ამ თემებზე სასაუბროდ. ალბათ, მათ რაღაც საშინაო დავალება ჰქონდათ. შესაძლოა მათი ამოცანა ამა თუ იმ სესიის ჩაშლა იყო, მაგრამ სესია არ ჩაიშალა, რადგან იქ რვა სუბიექტი მონაწილეობს. სესია შედგა, დღის წესრიგი მაინც განხორციელდა, ყველა თემა განხილულ იქნა და დასრულდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ მზად ახალ მთავრობასთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონოდათ.
„ჩემთვის ნებისმიერი შედეგი ზოგადად, წარმატებულია, თუ არა არსებითი მარცხი. მე ამ საკითხს ვუყურებ არა სტატიკურად, ცალსახად არამედ, დინამიკაში. დინამიკაში ძალიან კარგი შედეგია, იმიტომ რომ ამით ქცევების ცვლილება მოხდა. ამდენ ხანს მოდუნებული, მდორე სიტუაცია იყო და ახლა, მოხდა რეაქცია. ახლა, საინტერესოა, ჩვენ რა ნაბიჯებს გადავდგამთ მარტის ბოლომდე და რაც არ უნდა ნაბიჯი გადავდგათ მათგან კრიტიკული შეფასება უსუსური იქნება. ეტყვი, დიდი ბოდიში, ჩვენ ჩამოვიტანეთ ჟენევაში და გვინდოდა ამ საკითხზე საუბარი, თქვენ არ მოგვისმინეთ და ახლა მარტის ბოლომდე არაფერი გავაკეთოთ? ჩვენ ნაბიჯს უკვე თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგამთ, ამ ნაბიჯებზე გვინდოდა საუბარი, თქვენ კი, არ ისურვეთ. შესაბამისად, სჯობს მომავალში, რაზეც თქვენთან გვსურს საუბარი მასზე, ერთად ვისაუბროთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.