ყველაზე კარგად ვიცი, ვინ იყვნენ ის საოცრებები, რომლებიც ქუთაისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გუშინ პოლიციელებმა დილიდან მიიღეს დავალება, რომ „გარკვeული სუბიექტებისთვის" ხელი შეეწყოთ, რომ „რაღაც გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის".
„ერთადერთი არჩევნების შემდეგ, რაც არის გასახარებელი არის ის, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ღირსეულად უძლებს ზეწოლას. გუშინ შეხვედრა მქონდა ქუთაისის საკრებულოში, სადაც პირიქით „ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდა ხალხი. ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ როგორც ინსტიტუტების გარანტორი და არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. ის რაც ხდება, ეს არის ზეწოლა ინსტიტუტებზე. ძალიან მეწყინა ქუთაისში. „ფეისბუქზე" ბევრ წერილს ვიღებ, რომ არ იყვნენ ის ხალხი ქუთაისელები და არ მწყენოდა. ყველაზე კარგად ვიცი, ვინც იყვნენ ის საოცრებები ვინც იქ იყვნენ შეკრებილები. პოლიციელები სულ ბოდიშს იხდიდნენ, რადგან დილიდან მიიღეს ინსტრუქცია, რომ არ გაკარებოდნენ სიტუაციას და მიეცათ საშუალება სუბიექტებისთვის და ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტებისთვის, რომ რაღაცა გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გუშინ დაინახეს, რომ არ გამოუვიდათ და ახლა კანონი შეაქვთ პარლამენტში, რომ ჩამოაშორონ დაცვა.
„წაიღონ დაცვა, კი ბატონო, დაცვა სჭირდება იმას, ვინც ამას აკეთებს. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი. სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებთ და მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგება კანონიერება და წესრიგი" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.