"ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ყოფილი მაღალჩინოსნების, ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაკავება შეაფასა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის „სხვა რეჟიმზე“ გადადის.
მერაბიშვილის თქმით, „სხვა რეჟიმზე“ გადასვლის გადაწყვეტილება, სწორედ შექმნილი ვითარების ფონზე მიიღეს, რათა დემოკრატიის შეზღუდვა და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება არ დაუშვას.
„ის, რაც მოხდა გუშინ, კერძოდ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალეკო ხეთაგურის დაკავება, არის გაუგონარი ფაქტი. მოქმედი, სერიოზული და თავისუფალი მედიის გენერალური დირექტორის დაკავება არ მომხდარა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, თვით რუსეთშიც კი. ალეკო ხეთაგური კი, სიმბოლოა საქართველოში ენერგოვამპირის დამარცხების და ის არის ადამიანი, ვინც შეძლო შევარდნაძის ჩამქრალი, გაყინული და კორუმპირებული საქართველო ექცია განათებულ, გამთბარ და სტაბილურ ქვეყანად. მისი სასაცილო ბრალდება მეტყველებს, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და ცდილობს ყველაფერი ალტერნატიული, რაც საქართველოში მის დამოუკიდებლად არსებობს, გაანადგუროს“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, ახალი მთავრობა წინასაარჩევნოდ გაცემული სოციალური დაპირებების შესრულებას ვერ ახერხებს და აქცენტი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი პარტიისა და თუ ნებისმიერი ორგანიზაციის ივანიშვილის პირადი დიქტატის ქვეშ მოქცევაზე გადაიტანა.
„იმ ფონზე, როცა ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა დეკლარირება, რომ ვერ ახერხებს ვერ ერთი წინასაარჩევნო სოციალური დაპირების შესრულებას, გადაწყვიტა თავისი აქცენტები გადაიტანოს იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობდეს არც ერთი პარტია, არც ერთი ორგანო, არც ერთი დაწებულება, რომელიც არ დაექვემდებარება ივანიშვილის პირად დიქტატს. ყველაფერი რაც, არის საქართველოში დამოუკიდებელი, მისი წარმოდგენით, არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს არც ერთი პარტია, არც ერთი თავისუფალი ტელევიზია, არ უნდა არსებობდეს სასამართლო, რომელსაც ივანიშვილი პირადად ვერ აკონტროლებს და და არ უნდა არსებობდეს არავინ, ვინც მის პირად კონტროლ ქვეშ არ არის. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდა, მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა არ დაუშვას დემოკრატიის შეზღუდვა და არ დააბრუნოს იმ ბნელ წარსულში, რომელშიც წლებს განმავლობაში იმყოფებოდა“,- განაცხადა მერაბიშვილმა.