საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების საჭიროება არ იყო და ის მზადყოფნას გამოთქვამს, გვარამიას ყველაფერში თავდებად დაუდგეს.
აღნიშნულის შესახებ, გედევან ფოფხაძე „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია. მიმაჩნია, რომ მისი დაკავების საჭიროება არ იყო, ვინაიდან ეს ადამიანი არავის გაურბოდა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად იყო. მისი ბრალეულობა რომ დავიჯერო, ძალიან სერიოზული არგუმენტები მჭირდება. მგონი მაქვს უფლება მოვითხოვო უფრო მეტი სიცხადე. რამდენადაც ნიკას ვიცნობთ, მისი პროფესიონალიზმი საეჭვო არავისთვის არ უნდა იყოს. ნიკას თავდებად დავუდგები ყველაფერში. შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ მის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაზე ცუდი ნიკოლოზობა იყო ჩემს ცხოვრებაში“, - წერს გედევან ფოფხაძე „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე.