საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭერენ მას, ვინც ებრძოდა კორუფციას და კრიმინალს. ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გუშინ ყოფილი მაღალჩინოსნების, ალეკო ხეთაგურის, ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას დაკავებას.
„ხშირად ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროსაც იჭერდნენ ხალხს. ჯერ ერთი, ციფრებს და რაოდენობას შეხედეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამ რაოდენობის დაპატიმრებები აქ ყველაზე რთულ ეპოქაშიც კი არ ყოფილა. როდესაც „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიჭირეს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, იმ ადამიანმა ჩააბნელა საქართველო და ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში არ ყოფილიყო დენი, ახლა კი დაიჭირეს ალეკო ხეთაგური, რომლის გამოც საქართველოში დენია, რომლის გამოც ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა. განსხვავება აღარაა მასსა და საქართველოს დამბნელებელსა და ფულის მომპარავს შორის?" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას, პრეზიდენტის შეფასებით, გვარამია საქართველოში კორუფციასთან მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი პირი იყო, დამენიას მსგავსი პატიოსანი სახელმწიფო მოხელე კი პირადად მას არ უნახავს.
„დაიჭირეს გვარამია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი იყო, მერე წავიდა, საუკეთესო უცხოური განათლება მიიღო და დაბრუნდა საკუთარი ქვეყნის სამსახურში. ახლა დაიჭირეს მართლა ოროსნებმა, რომლებსაც ორი წიგნიც არ აქვთ წაკითხული და მარტო დოლარის თვლა იციან. დაიჭირეს დამენია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სახელმწიფო მოხელეა საქართველოში, ვინც მე ცხოვრებში მინახავს. მას საერთოდ არ აინტერესებდა პირადი საკითხები. ესაა სამართლიანობა, რისი აღდგენისკენაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ?“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, „ამ ყველაფერს" ხალხისთვის მნიშვნელობა აქვს, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.
„მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭერენ მას, ვინც ებრძოდა კორუფციას და კრიმინალს. თქვენ გგონიათ, ამას ყველაფერს ფასი არ აქვს ჩვენი ხალხისთვის და არ მოჰყვება შედეგები? შედეგი მოყვება და უკვე მოჰყვა კიდეც _ რუსთავში გზის, პარკის და სპორტის სასახლის მშენებლობა გაჩერებულია. აჭარაში ყველა სოციალური პროგრამა შეაჩერეს _ გასაგებია, რომ აჭარაზე განსაკუთრებულია შურისძიების მოტივაციაა, გამოიტანეს დასკვნა, რომ ანბანის კოშკი და უნივერსიტეტის შენობა დასაშლელია. ეს ხალხი საერთოდ სხვა, პარალელურ სამყაროში არსებობდა, სად იზრდებოდა, რა ფასეულობებით სუნთქავდა" - დასძინა სააკაშვილმა.