სახალხო დამცველის აპარატი ყოფილი მაღალჩინოსნის, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებულ მასალებს შეისწავლის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოში ნიკა გვარამიას და სხვა დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა.
შეხვედრის შემეგ უჩა ნანუაშვილმა თავი შეიკავა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან იმის შესახებ, არის თუ არა გვარამიას დაკავება ზეწოლა „რუსთავი2"-ზე. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი ახლა იწყებს ამ საკითხის შესწავლას და აპარატის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში სასამართლო პროცესებსაც დაესწრებიან.
მისი თქმით, მოპოვებული მასალებიდან გამომდინარე უკვე იქნება შესაძლებელი, რომ რაიმე განცხადება გაკეთდეს.
„მას შემდეგ, რაც ყველა საბუთს გავეცნობით, ჩვენი ოფისი გააკეთებს შესაბამის განცხადებას" - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
ამ ეტაპზე კი, როგორც ომბუდსმენი ამბობს, პროცედურული ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.