კომპანია „ინტერ რაო ეესი" ადასტურებს, რომ საკონსულტაციო მომსახურებისთვის დაიქირავა ფირმა, რომელთან დაკავშირებითაც 1 მლნ დოლარის გადარიცხვის საქმეზე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები და „თელასის" გენერალური დირექტორი დააკავეს.
„ჩვენ ნამდვილად დავიქირავეთ საქართველოში საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობასთან მუშაობს. გვსურდა, ამ ფირმას შეემუშავებინა საგადასახადო შეთანხმების პროექტი საქართველოსთან საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა შეგვძლებოდა ჩვენი საგადასახადო ვალდებულებების პროგნოზირება და გაგვეგო, რა ბაზა არსებობს ტარიფების შესამცირებლად. შეთანხმებას აღნიშნულ ფირმასთან ხელი ნახევარი წლის წინ მოეწერა. სამუშაოები გრძელდება, რადგან ჯერ მთელი სამუშაო შესრულებული და ანაზღაურებული არ არის" - აცხადებენ „ინტერ რაო ეეს"-ში.
კომპანიის წარმომადგენელი „ინტერფაქსთან" საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება საქართველოში არსებული „ინტერ რაოს" აქტივების კონსოლიდაციასთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად გახდა აუცილებელი და მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამჭვირვალობას. მისივე განმარტებით, ამგვარი საგადასახადო შეთანხმებები ფართოდ გავრცელებულია როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ისე - საქართველოში.
ამასთან, „ინტერ რაოს" წარმომადგენელი აღნიშნავს, საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსულ ენერგოჰოლდინგთან ტარიფების შემცირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის გამოც მუშაობა სისტემის გადახდისუნარიანობისა და ტარიფების შემცირების რესურსის შესასწავლად უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია, დევი კანდელაკი, გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. საგამოძიებო სამსახური დაკავებულებს თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფიქტიური ფირმის დაარსებას, „ხრამჰესი 1", „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" მიერ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას და ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარის მიღებას ედავება.