ქრთამის აღებისთვის და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემის გამო დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებულები არიან იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, „ხრამჰესი 1", „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და იზაბელა გუტიძე.
რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ასევე, ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, წინასწარი ინფორმაციით, ის მოდულის შენობაშია გადაყვანილი.
გამომძიებლებმა დამენიას, ხეთაგურისა და გვარამიას სახლები წუხელვე გაჩრიკეს. მათი სახლები სამართალდამცველებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. ბინებიდან მათ მხოლოდ რამდენიმე ნივთი წაიღეს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერები.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა. დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია, დევი კანდელაკი, გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ.
საგამოძიებო სამსახური დაკავებულებს თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფიქტიური ფირმის დაარსებას, „ხრამჰესი 1", „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" მიერ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას და ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარის მიღებას ედავება.