ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ის საიდუმლო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც, საგამოძიებო სამსახურს ფარული სატელეფონო საუბრის მოსმენა-ჩაწერების უფლება მიენიჭა.
აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს სასამართლოს, კერძოდ, მოსამართლე ვ. ფუხაშვილის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს პროკურორ ლ. მარშავას შუამდგომლობის საფუძველზე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის უფლება შპს „ელენდეფ-სერვისის“ დირექტორის, გიორგი ნემსიწვერიძის ცრუმეწარმეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიენიჭა.
მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული უფლებით სარგებლობა საგამოძიებო სამსახურს 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 10 იანვრამდე შეუძლია.
საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ფარული მოსმენა-ჩაწერის უფლება უწყებამ კახა დამენიას ტელეფონის ნომერზეც მოიპოვა.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტ. ტაბატაძის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა პროკურორ ლ. ფანჩულიძის შუამდგომლობა და საგამოძიებო სამსახურს კახა დამენიას ტელეფონის მოსმენის უფლება მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 12 იანვრამდე მიენიჭა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ფანჩულიძემ ნემსიწვერიძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად დააყენა.