პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამართალდამცველ უწყებებს მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ინციდენტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მოახსენონ.
როგორც პლენარულ სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტში შესვენების დროს, 16:00-დან 17:00 საათამდე, როდესაც უმცირესობის წევრები იმყოფებოდნენ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან იყო შეხვედრა, ამ დროს ქუჩაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
„როგორც მეუბნებიან, მოქალაქეების ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის ინცინდეტი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. იყო პრობლემა. მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, მოხსენდეს პარლამენტს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა დღეს „ნაციონალების“ ოფისთან. თუ ჩვენ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ სტანდარტი, ძალიან მალე ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. უმრავლესობის მოვალეობაა, რომ აღკვეთოს ეს თუ ასე იყო, რასაც მეუბნებიან. მოქალაქის აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზენაესი, მაგრამ როცა საქმე ეხება რაღაცის ბლოკირებას და პარლამენტის წევრთან ფიზიკურ შეხებას, ეს არის დაუშვებელი. არ ვიცი, სად იყო ამ დროს პოლიცია და თუ იყო, რატომ არ იყო აღკვეთილი. თუ ამ საქმეში ჩარეულია ვინმე პოლიტიკური ფიგურა, მე მგონი პარლამენტის ღირსების საქმეა, მოვითხოვოთ ბოლომდე გარკვევა. უმრავლესობას მინდა, მივმართო, გაიხსენეთ რა დღეში ვიყავით ორი თვის წინ, რა დღე გამოვიარეთ ამ ტიპის პრობლმების გამო. ეს ამბავი არ უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში“, - დასძინა მან.