საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შორის საქართველოს მიერ პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
„ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით" - აღნიშნულია განცხადებაში.