საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ოფისში პარტიის წევრებს ხვდებოდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ოფისთან 600-მდე მოქალაქე შეიკრიბა და პრეზიდენტს გადადგომის მოწოდებით მიმართავდნენ, რის გამოც ქვეყნის პირველმა პირმა პარტიის ოფისი ოდნავ დაგვიანებით, დაცვის დახმარებით დატოვა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მომხდარის გამო, მას რცხვენია, რომ ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ მართავს, რადგან ხელისუფლება მუშტი-კრივზეა გადასული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან, გამოსულ უმცირესობის წევრ დეპუტატებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის, აკაკი მინაშვილს და მარიამ საჯაიას.
აკაკი მინაშვილი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში, როდესაც მინაშვილმა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფითვე უპასუხა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. პრეზიდენტმა ქუთაისი უკვე დატოვა.