საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ ხალხს ვინც ჩქარობს, 2014 წლის ადგილობრივ და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „შანსი არ აქვს“.
სააკაშვილი პირობას დებს, რომ საქართველოს განვითარებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის დროებითი მოვლენა და იგი ფუნდამენტურად დემოკრატიის მთავარ ნორმებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ბოლო 9 წელიწადში ქართული სახელმწიფოებრიობა ავაშენეთ, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და ეფუძნება კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობას ან ბრბოს კარნახს. კანონის უზენაესობა ეს ხალხის სამსახურია, ბრბო კი ემსახურება ცალკე აღებული დროებითი თანამდებობის პირების ინტერესებს. ვერანაირი 100-200-500 კაცი სახელმწიფო ინსტიტუტებს ვერ ჩაანაცვლებს.
სახელმწიფო ინსტიტუტები ეფუძნება იმას, რომ ეს არის გრძელვადიანი - 2012 წელსაა არჩეული და 2014 წლამდე იქნება. 2012 წელი გავა, 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს, 2014-ში კი - ადგილობრივი არჩევნები. მანამდე არავის აქვს უფლება, შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს. მე ვიცი, რომ ხალხი დააპატიმრეს შეთითხნილი ბრალდებებით და უნდა რცხვენოდეთ მათ ავტორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე უნდა ვთქვათ უარი. იმ ხალხმა, ვინც ჩქარობს, ძალიან კარგად იცის, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ შანსი და ამიტომ არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ მე ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ მე ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველოს განვითარება არავინ გააჩეროს“, - განაცხადა სააკაშვილმა.