ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი არ უნდა გაუქმდეს და იგი ხელისუფლებისგან დამოუკიდებრლი სტრუქტურა უნდა იყოს.
ამის შესახებ პაატა კოღუაშვილმა from.ge-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა თავიანთი აზრი თვითონ ბიზნესმენებმა უნდა გამოთქვან.
ამასთან, კოღუაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთან გაერთიანება არასწორია, რადგან იგი ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.
„კონკურენციის ან ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთან მისი გაერთიანება სწორად არ მიმაჩნია. იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, თვალი და ყური ბიზნესმენებისთვის. ამიტომ, მისი დამოუკიდებლობა აუცილებელია და მისი შენახვის ხარჯები სწორედ ბიზნესმენებმა უნდა იკისრონ. ბიზნესომბუდსმენი კი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ხმალამოღებული იბრძოლებს ბიზნესისადმი სამართლიანი მიდგომისთვის“- განუცხადა from.ge-ს კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის მუშაობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დატვირთვა და ფუნქცია მიეცემა მას. კოღუაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესომბუდსმენის უპირველესი ფუნქცია ბიზნესმენების ინტერესების გატარება უნდა იყოს.
„ის რაც თავის დროზე გაკეთდა, ეს იყო ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირველი ომბუდსმენი, რომელიც, პრაქტიკულად არა ბიზნესის და ბიზნესმენების ინტერესებს, არამედ ხელისუფლების ინტერესებს ლობირებდა. მე არ მახსოვს, რომ მას ხმა აემაღლებინოს როცა რომელიმე ბიზნესმენი დააყაჩაღეს, გააკოტრეს ან ქონება წაართვეს“ - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა და დასძინა რომ ბიზნესომბუდსმენი უნდა იყოს ხელისუფლებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ჰქონდეს თავისუფლების მაღალი ხარისხი და ფლობდეს არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ბიზნესის პრინციპების ცოდნასაც.
რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, როგორც პაატა კოღუაშვილმა აღნიშნა, მან თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და ქვეყანაში მონოპოლიები არ დაუშვას. ბიზნესომბუდსმენი კი, მისივე განმარტებით, უნდა მოქმედებდეს, როგორც არასამთავრობო სტრუქტურა.
„ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. იგი სახელმწიფოს თვალი უნდა იყოს და მონოპოლიები და კარტელური შეთანხმებები არ დაუშვას ქვეყანაში. მას თავისი ფუნქცია აქვს. ხოლო ბიზნესომბუდსმენი უნდა მოქმედებდეს, როგორც არასამათავრობო ორგანიზაცია. სხვათაშორის, ანტიმონოპოლიურ სამსახურზე დღეს რომ ვიღაცეები უარყოფით კონტექსტში საუბრობენ, მათ შორის რამდენიმე იმ ანტიმონოპოლიური სამსხაური ხელმძღვანელი იყო თავის დროზე. თითქოს კვალიფიციურ მოსაზრებებს რომ გამოთქვამენ, ნურას უკაცრავად, ასეთი სტრუქტურა ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და მას საპატიო და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია“ - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნეს-ომბუდსმენმა მაია მერედოვამ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა, ხოლო ომბუდსმენის ინსტიტუტი ფუნქციონირებას წყვეტს. ამასთან, მაია მერედოვა ვერ აკონკრეტებს, როდიდან ან ვისი გადაწყვეტილებით მოხდება ომბუდსმენის ოფისის გაუქმება და აცხადებს, რომ აპარატმა მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედა.
მაია მერედოვა აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი პერტაია შეცვალა, რომელიც ამჟამად საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი 2011 წელს შეიქმნა.