იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლებული ადამიანების რესოციალიზაციას ეხება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასაჯელაღსრულების მინისტრთან სოზარ სუბართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონი მალე დამტკიცდება და შესაბამისად, 2000-დან 3000-მდე პატიმარი დატოვებს საპყრობილეებს. თუმცა, როგორც მინისტრმა განაცხადა, საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ მათ დახმარება სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, წულუკიანის ცნობით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორი სამინისტრო ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომელშიც გაწერილი იქნება უწყებების სოციალური სამსახურების თანამშრომლობა, რათა პატიმრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არასრულწლოვანებს და ქალებს შესთავაზონ დახმარება საზოგადოებაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით.
„ჩემს სამინისტროში არის დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც არასდროს არ იყო გამოყენებული წინა ხელისუფლების დროს ყოფილ პატიმრებთან მუშაობისთვის. ჩემი ინიციატივაა, რომ ეს პრევენციის ცენტრი დავახმაროთ სუბარის უწყებას"- განაცხადა წულუკიანმა.
სოზარ სუბარის თქმით კი, წულუკიანი დღეს მნიშვნელოვანი ინიციატივით მივიდა. როგორც მან განაცხადა, ორივე უწყება ერთობლივად იმუშავებს იმაზე, რომ პატიმართა თუნდაც ნაწილს გაეწიოს დახმარება სწავლის კუთხით და შემდეგ მოხდეს მათი დასაქმება.
„ძალიან ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც გათავისუფლდებოდა ესა თუ ის პირი, თუმცა ამის შემდეგ უცხო იყო საზოგადოებისთვის და ახალ დანაშაულს სჩადიოდა" - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ერთობლივად შემუშავდება კრიტერიუმები, თუ ვის და რამდენ ადამიანს დაეხმარებიან. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ამ ეტაპზე ამნისტიასთან დაკავშირებით იწყება, თუმცა ეს არ იქნება ერთჯერადი და მხოლოდ ამნისტიაზე მიბმული.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.