თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი საკრებულოს წევრებმა 29 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრთა უმეტესობამ სხდომა ბიუჯეტის დამტკიცებამდე დატოვა. განხილვის პროცესს დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე დაესწრნენ, თუმცა მათ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
ბიუჯეტის პროექტი მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარადგინა. განხილვას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა არ დასწრებია, რაც სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ გააპროტესტა.
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 640 მლნ ლარი იქნება, რაც 39 მლნ ლარით 2012 წლის ბიუჯეტზე ნაკლებია.
თანხები ასე გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარებისათვის დედაქალაქში მომავალ წელს 97 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია, ავარიული შენობების გამაგრებისთვის - 151 მლნ ლარზე მეტი, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე - 28 მლნ 500 ათას ლარზე მეტი, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის- 7 მლნ 697 ათასი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები განვითარებისთვის - 44 მლნ 784 ათასი ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის 154 მლნ 719 ათასი ლარი, განათლებაზე დაიხარჯება 48 მლნ 670 ათასი ლარი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროექტებზე - 16 მლნ ლარზე მეტი, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე კი, 17 მლნ 955 ათასი ლარი.
თბილისის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში მომუშავეთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება და ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 72 მლნ 800 ათასი ლარი.