ფონდი „ქომაგი“მუშაობას წყვეტს. „ქომაგის“ თავმჯდომარის, ია მეტრეველის განცხადებით, ისინი ფონდის ბიუჯეტში არსებული თანხებით, სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს უკვე, დაეხმარნენ და აღნიშნავს, რომ ფონდმა მუშაობა უსახსრობის გამო შეაჩერა.
„თანხა, რომელიც წართმეული გვქონდა წინა ხელისუფლების მიერ, დაგვიბრუნდა. შესაბამისად, ჩვენ ეს თანხმები, გადავანაწილეთ იმ პიროვნებებზე, რომელთა დახმარება, რაღაც გარკვეული პერიოდი ვერ შევძელით და დაახლოებით ხუთი თვე გველოდებოდნენ. შესაბამისად, ახლა ანგარიშზე თანხა აღარ გვაქვს და დროებით მუშაობას ვწყვეტთ“, - განაცხადა მეტრეველმა.
მეტრეველი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული მოქალაქეები ქვეყანაში აღარ იქნებიან და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფონდს დონორი გამოუჩნდა, მუშაობას ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამაზე გააგრძელებენ.
„პოლიტიკური ნიშნით, რა მიმართულებით ფონდი მუშაობდა, ამის საჭიროება აღარ არის. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული არავინ აღარ იქნება.
ფონდს თუ გამოუჩნდა კეთილი მსურველები, ემიგრანტები, ბიზნესმენები და დონორები, რომლებიც ჩვენს ანგარიშზე თანხას შემოიტანენ, ფონდი უკვე მუშაობას სხვა მიმართულებით გააგრძელებს. ვფიქრობთ, რომ ადამიანები, რომლებიც საპატიმროდან გამოდიან, უკიდურეს მდგომარეობაში არიან, როგორც ეკონომიურად ისე ჯანმრთელობის მხივ. შესაბამისად, აუცილებელია, მათი რეაბილიტაცია და ძალიან კარგი იქნება, თუ ფონდი მათ დაეხმარება“, - განაცხადა მეტრეველმა.