პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ფაქტიურად, ჩიხშია შესული, მრავლის მთქმელი და დამაიმედებელია.
ახვლედიანის განცხადებით, ის, რომ ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები გაუმჯობესდება ეს ცხადია და დასაწყისისთვის სასურველია, თუმცა საკმარისი არაა.
„ვფიქრობ, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის, წლების განმავლობაში დაძაბულია და ფაქტიურად, ჩიხშია შესული ურთიერთობები, პირველ შეხვედრა ასეთ დონეზე და ამ განწყობით უკვე, მრავლის მთქმელი და დამაიმედებელია.
ის, რომ ეს ურთიერთობა თანდათან უკეთესობისკენ შეიცვლება ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები გაუმჯობესდება, ეს ცხადია და დასაწყისისთვის სასურველია, თუმცა საკმარისი არაა.
რა თქმა უნდა, უპირველესად იმის გარკვევაა აუცილებელი, თუ რამდენად შეცვლის მოსკოვი დამოკიდებულებას აღიარებული ე.წ სახელმწიფოების მიმართ.
ეს ცხადია, ძალიან დიდ როლს მოითხოვს და მოგეხსენებათ, რომ უმწვავესი თემა ჩვენს ურთიერთობაში სწორედ ესაა. იმისათვის რომ მთავარ საკითხს მივადგეთ და თანდათანობით ისიც მოვაგვაროთ, კომპლექსური მიდგომაა საჭირო და ვფიქრობ, აქ ჩვენ მხოლოდ ქართულ-რუსული ამ ორმხრივი ურთიერთობების იმედად არ უნდა დავრჩეთ. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ჩაერთვება და პოზიტიურ როლს შეასრულებს, რომ რუსეთმა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს და ამ მთავარი თემის ადგილიდან დაძვრა, ამ ყინულის ლღობა, თანდათან მოხდეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.