თბილისის 2013 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებენ. რიგგარეშე სხდომა, რომელზეც თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საკრებულოში 15:00 საათზე გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს საბავშვო ბაღების, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლები აიღებენ.
2013 წლის ბიუჯეტის თანახმად, ასევე 100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების ცენტრებს; სპეციალური, 100 ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებს თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი; 250-ლარიან ვაუჩერს 45 000 სოციალურად დაუცველი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული; 65%-ით იზრდება საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი; გრძელდება გზების რეაბილიტაცია; ქალაქის ყველა მუნიციპალიტეტში, თბილისელების მიერ ინიცირებული თითოეული ის პროექტი დაფინანსდება, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს; 600 000 თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებს.