უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის დაკითხვაზე დაბარება არ შეიძლება, რადგან დეპუტატს მისი იმუნიტეტი იცავს.
ამის შესახებ განცხადება, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკითხვაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.
შესაბამისად, მან კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას მოქმედების ორი ალტერნატიული გზა შესთავაზა.
„კანონმდებლობით და კონსტიტუციით დაუშვებელია პარლამენტარის დაკითხვაზე დაბარება ან მის წინააღმდეგ საგამოძიებო ქმედების დაწყება, თუ ამის თაობაზე არ არსებობს პარლამენტის თანხმობა. თუ იქნება ღია წესით გამოგზავნილი კითხვები, ასევე ღია წესით საპარლამენტო უმცირესობის ნებისმიერი წარმომადგენელი მზად იქნება, უპასუხოს ამ კითხვებს. ეს იქნება კანონის დაცვით და საზოგადოებისათვისაც გასაგები. ეს არის პირველი ალტერნატივა. მეორე ალტერნატივაა- თუ სამართალდამცავები არ არიან მზად ასეთი ღია კითხვების დასმისათვის, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და აიღონ ნებართვა, რომ კონკრეტული პარლამენტის წევრი მიყვანილ იქნას დაკითხვაზე“,- განაცხადა ბაქრაძემ.