სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ხელი ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნას მოაწერეს.
როგორც სოზარ სუბარმა და დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადეს, ერთობლივი კომისია ინდივიდუალურად განიხილავს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავადმყოფ მსჯავრდებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.
დავით სერგენკოს ინფორმაციით, კომისია ჯანმრთელობის დაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და მის მუშაობაში მონაწილეობას სამედიცნო პროფესიული ასოციაციებიდან მიწვეული ექიმ- სპეციალისტები მიიღებენ. კომისია ოთხწევრიანი იქნება და მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. კომისიის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება.
„ერთობლივი კომისია აქამდეც არსებობდა, თუმცა მისი მუშაობა არაფექტური იყო. ამისი მარტივი მაგალითია ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომისიას არც ერთი დაავადებული პატიმარი არ გაუთავისუფლებია, მარტო შარშან კი, 140 პატიმარი გარდაიცვალა. ექსპერტები ასევე მუშაობენ იმაზეც, რომ განახლდეს იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც გათავისუფლებას დაექვემდებარება"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
დავით სერგენკოს ინფორმაციით კი, მოხდა კომისიის მუშაობის გარკვეული დეტალების უკეთესობისკენ შეცვლა.
„შეცვლის მოტივაცია იყო ის, რომ გადაწყვეტილების მიღება ყოფილიყო გამჭვირვალე და მინიმუმამდე დაყვანილიყო ან საერთოდ გამქრალიყო სუბიექტური გადაწყვეტილებები"- აღნიშნა დავით სერგენკომ.