ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექს პეტრიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „საქართველო- „ISAF“ დაათვალიერა.
პეტრიაშვილის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ მთელმა საზოგადოებამ ავღანეთში ქართული შეიარაღებული ძალების მისიის მნიშვნელობა ზედმიწევნით იცოდეს.
მისივე თქმით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ახალგაზრდობამ, ისე მთელმა მოსახლეობამ, ზედმიწევნით გაიგონ, თუ რამხელა საქმეს აკეთებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით. მე სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ვაჟკაცები ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობის ხვალინდელ დღეს ჭედავენ. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მათი საბრძოლო ძალის დემონსტრირება კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზეა შეფასებული“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწყობილ ფოტოგამოფენაში მოხვედრილია კადრები, რომელიც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას ასახავს. აღნიშნული გამოფენა პირველად ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიხსნა დ მას შემდეგ ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების დედაქალაქებიც მოიარა.