სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის შეფასებით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მიღწეული შეთანხმება, რაც იარაღის შესყიდვაზე შეზღუდვის მოხსნას გულისხმობს, მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა.
თავდგირიძის განცხადებით, ფაქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არა მხოლოდ ურთიერთობის დეკლარირებას არამედ, მჭიდრო სამხედრო ურთიერთობის დაწყებას ნიშნავს.
ექსპერტი აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი ნდობის მაღალი ფაქტორით ხსნის.
„ეს, რა თქმა უნდა, ნდობის მაღალი ფაქტორითაა გამოწვეული. ერთის მხრივ, ეს ნდობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ხანგრძლივად აშშ-ის მჭიდრო მოკავშირეა, მეორეს მხრივ, ჩავაბარეთ დემოკრატიული ტესტი, რაშიც არჩევნები და არჩევნების შემდეგ პროცესი იგულისხმება, რომ ქვეყანა დემოკრატიის განვითარების გზას ადგას და ამას, რა თქმა უნდა, ემატება ისიც, რომ საქართველო, როგორც ნატოსა და დასავლური იდეალების პარტნიორი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნატოს ოპერაციებში მათ შორის, ისეთ ოპერაციაში, როგორიც ავღანეთში მიმდინარე „აისაფის“ ოპერაციაა. პლუს, დეკლარირება იმისა, რომ „აისაფის“ ოპერაციის ტრანსფორმაციის შემდგომ, საქართველო ამ ღონისძიებაში კვლავ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა თავდგირიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, როცა ამ ორ ქვეყანას შორის, მოხდა დეკლარირება, რომ აშშ დაამყარებს მჭიდრო სამხედრო და მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ახლა ამ ნაბიჯის ლოგიკური გაგრძელება, საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმია.
კითხვის პასუხად, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება იმის დასტური, ხომ არაა, რომ აშშ ჩვენს ქვეყანას რაიმე ახალი კონფრონტაციის დამწყებად არ განიხილავს, აცხადებს, რომ საქართველოს ვერავინ აუკრძალავს თავდაცვითი ომი აწარმოოს, თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუმცა, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მჭიდრო კონსულტაციები და ურთიერთობები არსებობდეს და, რომ საქართველომ ცალსახად, არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ურთიერთობას დააზარალებენ.
„საერთოდ, ომის და მშვიდობის საკითხები ვითარებიდან და რეალობიდან გამომდინარეა და საქართველოს ვერავინ აუკრძალავს თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად თავდაცვითი ომი აწარმოოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მჭიდრო კონსულტაციები და ურთიერთობები არსებობდეს და, რომ ცალსახად, საქართველომ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ურთიერთობას დააზარალებენ.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აშშ-ის პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველო ამ მხრივ, სტაბილური ქვეყანაა და მის მიერ, სამხედრო ავანტიურისტული ნაბიჯები არ იქნება განხორციელებული“, - განაცხადა თავდგირიძემ.