თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „საქართველო- „ISAF“-ის დათვალიერების შემდეგ, განაცხადა, რომ საზოგადოება ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში მსახურობის შესახებ, უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული.
ალასანიას თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში მსგავსი გამოფენის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„გამოფენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გავაცნოთ საზოგადოებას, თუ რას აკეთებენ ჩვენი ბიჭები ავღანეთში, რა დიდ სამუშაოს წევენ გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩემი აზრით, მეტად საჭიროა, რომ ასეთი გამოფენა უნივერსიტეტში გაიხსნას, ასევე რეგიონებშიც უნდა მოეწყოს მსგავსი გამოფენები, რამდენადაც ქართული საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ჩვენი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ალასანიამ.
ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწყობილ ფოტოგამოფენაში მოხვედრილია კადრები, რომელიც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას ასახავს. აღნიშნული გამოფენა პირველად ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიხსნა დ მას შემდეგ ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების დედაქალაქებიც მოიარა.