ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა წინწყაროში სტუმრობისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ცერემონიაში.
რიჩარდ ნორლანდი სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო და შეხვდა მუსულმან მლოცველებს, რომლებმაც სოფლის ერთ-ერთ სახლში მოწყობილ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა მშვიდობიანად ჩატაარეს.
სოფელში რიჩარდ ნორლანდი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა და მას მეგზურობას „საქართველოს მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე უწევდა.
ელჩის განცხადებით, შეთანხმება მუსულმან და არამუსულმან მოსახლეობას შორის მისასალმებელია.
„ამ შეთანხმების შედეგად, სოფელში მცხოვრებ მუსულმანთა თემს მიეცემა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა პარასკევის ლოცვაში. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რელიგიური თავისუფლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ინციდენტს ჰქონდა ადგილი როგორც წინწყაროში, ასევე სოფელ ნიგვზიანში. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს და ისეთი რადიკალური მოწოდებები, როგორც იყო - „საქართველო ქართველებისთვის“ შესაძლოა, გახდეს იმის საფუძველი, რომ ვითარება კონტროლიდან გავიდეს და ძალადობაში გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მიიღოს მონაწილოება რელიგიურ ცერემონიაში“,- განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლითაც ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის აუცილებლობას.
„მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ადამიანის უფლება მისი რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. დღევანდელი უმრავლესობა ხვალ შეისძლება, უმცირესობად იქცეს. ამ თემაზე ყურადღების მიქცევა აუცილებელია, რათა თითოეული ადამიანის უფლება იფიქროს თავისუფლად, ისაუბროს თავისუფლად და ისარგებლოს თავშეყრის უფლებით იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი. ჩვენ ვულოცავთ მოსახლეობას ამ შეთანხმების მიღწევას, რაც შესაძლებელი გახდა მთავრობის, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივების მონაწილეობით“, - განაცხადა ნორლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა წინწყარო უკვე დატოვეს.
სოფელში მუსულმანთა პარასკევის ტრადიციული ლოცვაც დასრულდა.