არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ხელისუფლებას ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაძლიერებლად კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა და ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ კონფერენციაზე „საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა" განაცხადეს, რომელიც სასტუმრო Holiday inn-ში გაიმართა.
გიგაურის თქმით, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ 2004 წლის შემდგომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც განსაკუთრებით ეხება წვრილმან კორუფციას, თუმცა მაღალ ეშელონებში ეს პრობლემა კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მისივე თქმით, ელექტრონული მმართველობის მექანიზმების შემოღებამ მთავრობის საქმიანობა რიგ სფეროებში მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავაც არსებობს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები.
ამის მაგალითად გიგაურმა სახელმწიფო ლიცენზიებისა და ტენდერების გაუმჭვირვალობის, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების ფაქტები, ასევე პრეზიდენტისა და პრემიერის ფონდებიდან თანხების არაგამჭვირვალედ ხარჯვა მოიყვანა.
ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ეფექტური ანტიკორუფციული სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, რომ მმართველობის სისტემაში ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექნიზმი ჩამოყალიბდეს, რაც პარლამენტის, მთავრობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ასევე, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომელიც თავისუფალი იქნება სამინისტროებისა და აღმასრულებელი შტოს სხვა ორგანოების კონტროლისგან და ანგარიშვალდებული პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე იქნება.
ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, მის ხელმძღვანელადებად კი შესაბამისი კვალიფიკაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური პირები უნდა დაინიშნონ. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალურობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეკომენდაცია ასევე იმ პროცედურებისა და მექანიზმების შექმნას გულისხმობს, რომელიც პოლიტიკური და კომერციული ინტერესების სათანადო გამიჯვნას უზრუნველყოფს.