საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადებით, იმ ადამიანებმა, რომლებიც „ოქროს ფონდის" საქმეს სათავეში ჩაუდგნენ, დავალება პირნათლად არ შეასრულეს.
როგორც ჭანტურიამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან ცნობა მიიღო, რომ ტელევიზიის „ოქროს ფონდთან" მიმართებაში სამუშაო პირნათლად შესრულებული არ იყო.
„ჩვენ შევქმენით ჯგუფი და მე რამდენიმე ადამიანს ვთხოვე, ამ ფონდის და არქივის მიმართ პასუხისმგებლობა აეღოთ. მართლაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხებს, ტექნოლოგიას, ცოდნას უკავშირდება. ეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ნუგზარ ქელბაქიანს და რამაზ გულუაშვილს ერთი წლის წინ ვთხოვე, რომ ამ საქმეს სათავეში ჩადგომოდნენ. მათ ჰქონდათ შეხვედრები, წასულები იყვნენ სხვადასხვა ევროპულ არხებზე გამოცდილების მისაღებად. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ მე ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან მივიღე ცნობა, რომ ის სამუშაო, როემლიც მე მათ ვანდე, არც თუ ისე პირნათლად იყო გაკეთებული. ახლა ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ეს ჩვენი ბრალი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს მათი უშუალო დისკრეცია იყო და თავად უნდა გაეკეთებინათ. მე გიორგი ბარათაშვილს ვთხოვე, რომ სასწრაფო წესით გამოესწორებინა ყველა ის ხარვეზი, რომელიც იმ ადამიანებმა დაუშვეს, რომელთაც მე თავის დროზე ვენდე"- განაცხადა ჭანტურიამ.