გედევან ფოფხაძე: ნარკომომხმარებელთა მიმართ სწორი რეაბილიტაციის პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს

გედევან ფოფხაძე: ნარკომომხმარებელთა მიმართ სწორი რეაბილიტაციის პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს

პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის ინიცირებული პაკეტით, ნარკოტიკური ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შესაძლოა გაუქმდეს და მოხმარებისთვის სახელმწიფო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს. გადახდილი ჯარიმის თანხის ოდენობით კი, სახდელდადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა  მკურნალობის კურსი შესაბამის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გაიაროს. რაც შეეხება სანქციებს,  საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების მიზნის გარეშე, უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას - 600 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისთვის ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი დაჯარიმდება 3 500 ლარის ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.

მომზადებულ ცვლილებებს უმრავლესობა დადებითად აფასებს, უმცირესობა კი, განხილვების დაწყებას ელოდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებელთა მიმართ სწორი რეაბილიტაციის პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს.

როგორც from.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, ყველაზე მარტივი გამოსავალი ადამიანის დასჯაა, მაგრამ საზოგადოება უნდა ეცადოს, რომ ნარკომომხმარებლებს სხვა  ატმოსფერო შეუქმნან.

„წინა ხელისუფლების პოლიტიკის თავისუბურება იყო, რომ სასამართლო პოლიტიკას ზეწოლასა და ტერორზე აგებდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს იყო უფრო ეფექტური, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, სასტიკები არ უნდა ვიყოთ, მათ შორის დამნაშავეების მიმართაც. ხელისუფლებას მიდრეკილება სისასტიკეზე კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სამართლიანობაზე. შესაბამისად, ნარკომომხმარებლების მიმართ არ შეიძლება სისხლის სამართლებლივი დევნა განხორციელდეს. ნარკოტიკის მოხმარება ბევრი ადამიანისთვის დევნისა და შევიწროვების საბაბად იქცა. ეს არის ადამიანის არჩევანი, რომელიც მიმაჩნია, რომ არ არის მორალური,  მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებს, ფსიქოლოგიური, სოციალური და მორალური პრობლემები აქვთ და მათთან ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა, მოძღვარმა უნდა იმუშაოს და არა ჯალათმა“, - აცხადებს ფოფხაძე.

კანონმდებლის შეფასებით, ამ კატეგორიის ხალხის მიმართ, სწორი რეაბილიტაციის პოლიტიკა უნდა შეიქმნას და ჯარიმებიც გონივრული უნდა იყოს.

„მათი პიროვნული რეაბლიტიაცია უნდა მოხდეს. ციხეში მათი ყოფნა, სარგებელს ვერ მოიტანს, რადგან ციხეში, რაც მეტი ხალხი იქნება კრიმინალური სამყარო უფრო გაძლიერდება, ვინაიდან,  ვინც ციხეში ხვდება სხვა მენტალობისა და სხვა აზროვნების სფეროშია და მისი ღირებულებაც სხვა ხდება. ნუ გავზრდით კრიმინალური სამყაროს მოაზრეთა რაოდენობას. რაც მეტი ადამიანი იქნება ციხეში, მით მეტი პოტენციური დამნაშავე გვეყოლება“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება იმას, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია თუ რა საფრთხეს ატარებს,  ფოფხაძეს ჰოლანდიის მაგალითი მოჰყავს.

„ჰოლანდიაში ნაროკოტიკის მოხმარება რეგალიზებულია, მაგრამ სტატისტიკით, ამ ქვეყანაში, ნარკოტიკს ყველაზე ნაკლები რაოდენობა იყენებს, ვიდრე ევროპის სხვა რომელიმე სახელმწიფოში. არასწორი მიდგომაა, რომ ნარკომანების რაოდენობა დამოკიდებულია კანონმდებლობის სიმკაცრეზე. ყველაზე მარტივი გამოსვალი დასჯაა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მოქალაქეებს სხვა  ატმოსფერო შევუქმნათ. ერთ-ერთმა კანონმდებელმა თქვა, რომ ნემსის ქურდს ვსჯი სიკვდილით იმისთვის, რომ იმსახურებს, მაგრამ აქლემისას სიკვდილით იმიტომ ვსჯი, რომ მეტი სასჯელი ვერ გამოვიტანეო. ეს აზროვნება შუა საუკუნეობრივია, მაგრამ მსოფლიო უკვე მდინარის სხვა მიმართულებით მიდის და ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ“, - დასძენს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა ექსპერტებთან ერთად საკანონმდებლო პაკეტიც მოამზადა, თუმცა, მთავრობასთან არსებული  წინააღმდეგობის გამო, პროექტის მიღება არ მოხდა.