ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ პოლტპატიმართა საქმეები არა სასამართლომ, არამედ იურისტ-მეცნიერთა სპეციალურმა ჯგუფმა უნდა განიხილოს.
როგორც მან დღეს for.ge-ს პრესკლუბშიგამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუკი პოლიტიმართა საქმეებს იგივე მოსამართლეების განიხილავენ, ეს გარკვეულ გაუგებრობას წარმოშობს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 15-მდე მოსამართლე მუშაობს და ფაქტობრივად, არ არის დარჩენილი არცერთი მოსამართლე, რომელსაც შეხება არ ჰქონოდეს ამ საქმეებთან. ძნელი წარმოსადგენია, როცა მაგალითად, ერთი მოსამართლე იხილავს მეორე მოსამართლის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენის გაუქმების საკითხს“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, არსებობს კიდევ ერთი მოდელი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტროში ან გენერალურ პროკურატურაში უნდა შეიქმნას შესაბამისი უწყება, რომელშიც არა ძველი პროკურორები, არამედ ის იურისტ-მეცნიერები შევლენ, რომელთაც წარსულში, აღნიშნულ საქმეებთან შეხება არ ჰქონიათ.
ადვოკატის განმარტებით, ისინი შეისწავლიან აღნიშნულ საქმეებს, დადებენ დასკვნებს და პროკურატურა თავად მიმართავს სასამართლოს, რომ შეწყდეს დევნა კონკრეტულ პირთა მიმართ.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, მოსამართლე აღარ განიხილავს საქმეს და თავისი გადაწყვეტილებით მხოლოდ დაადასტურებს პროკურატურის პოზიციას.
„ეს სრულიად ახალი მოდელია და ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც მე პირადად მხარს ვუჭერ. არის იურისტთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ თავიდან მოხდეს ამ საქმეების განხილვა და თუმცა, ასეთ შემთხვევაში წავაწყდებით უამრავ პრობლემას, რადგან პოლიტპატიმართა საქმეების უმეტესობა გაგზავნილია სტრასბურგში. თუ ჩვენ ამ საქმეებს სამივე ინსტანციის სასამართლოში გავივლით, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლო პროცესები ძველი მოსამართლეებიდან გამომდინარე ისევ წაგებულად გამოცხადდეს. გამოდის, რომ სტრასბურგში ერთხელ გაგზავნილი საქმე მეორედ უნდა გაიგზავნოს და შესაძლოა, ისეთ სამართლებრივ ქარბორბალაში გავეხვეთ, საიდანაც გამოსვლა გაგვიჭირდება“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.