„ქართული პარტია“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პროექტის საფუძველზე 190 ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის, ხოლო 25 პირს კი, პოლიტდევნილის სტატუსი. ცხადია, მოხარულნი ვართ და ყველა მათგანის ოჯახს ვულოცავთ.
აღნიშნული სიის ფორმირებაში წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, რადგან ყველაზე მეტი, ამ ორივე სიაში, ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ.
ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. მისი პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ასევე აღიარა საფრანგეთის სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას, გადაეცათ იგი ქართული მართლმსაჯულებისთვის, უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აქ მას ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ამის შესახებ დღევანდელ საპარლამენტო კომისიას, ყველაზე კარგად მოეხსენება. ირაკლი ოქრუაშვილი ყველა იმ სიაშია პოლიტპატიმრად, რომელსაც ადგენდნენ სხვადასხვა უფლებადამცავები 2007 წლიდან დღემდე. თუმცა ამა წლის 20 ნოემბერს, როდესაც იგი დაბრუნდა საქართველოში, მას პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა და ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად.
გუშინ, 5 დეკემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის წევრების არაერთი ბუნდოვანი განმარტება მოვისმინეთ. გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ სიაში. თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად, მას ჰქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა, ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი, პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად .ასევე გაუგებარია ჩვენთვის, ერთსა და იმავე, ე.წ „ზილების რევოლუციის“ საქმეზე, ჩვენი წევრების კლასიფიკაცია: ნაწილი აღმოჩნდა სიაში, ნაწილი-არა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი, მიმდინარეობს.
გვინდა შევახსენოთ კომისიას, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, ბატონი ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაათავისუფლებდნენ.
საპარლამენტო კომისიას ვთხოვთ, გვაცნობოს ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა. ასევე, ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში, ვთხოვთ დაესწროს ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს, სადაც ნათლად დაინახავენ სააკაშვილის რეჟიმის აჩრდილებს“,- ნათქვამია „ქართული პარტიის“ მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.