ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაიაფდება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა, საუბარი შეეხო ტარიფებთან მიმართებაში არსებულ ვითარებას. მინისტრის განცხადებით, რადგან ეს ძალიან აქტუალური თემაა საზოგადოებაში, მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტები მოეწვიათ.
„ყოველდღიურად ისმის ახალი თემები, რომ შესაძლოა ტარიფის განახევრება და საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. თითქოს შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გამორიცხულია და წარმოუდგენელია ტარიფების განახევრება. შემცირებას რაც შეეხება, ეს ნამდვილად შესაძლებელია" - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ ციფრს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. კითხვაზე, თუ სად ხედავს სამინისტრო გაიაფების რესურსს, მინისტრმა განაცხადა, რომ ძირითადად ეს გამანაწილებელი კომპანიები იქნებიან.
მისივე ინფორმაციით, ხვალ და ზეგ იგეგმება შეხვედრა „ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებთან, ასევე, მოლაპარაკებები იქნება კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან.