ტელეკომპანია „მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების შესახებ შეთავაზება თავად კახა ბექაურისგან მიიღო.
მისი თქმით, არხზე რეორგანიზაცია დაწყებულია და „მე-9 არხი" საერთო მაუწყებლად გარდაიქმნება. ელიაშვილის განცხადებით, ის გაერკვევა არხის სტრუქტურაში, ფინანსებში, მენეჯმენტში და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა მიმართულებით წარიმართება „მე-9 არხის" რეორგანიზაცია.
მისივე თქმით, რეორგანიზაციის შემდეგ არხზე არა მარტო საინფორმაციო გადაცემები, არამედ გასართობი შოუები და ფილმებიც გავა.
ჟურნალისტებს შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათმა ნაწილმა ტელეკომპანია დატოვოს. „მე-9 არხის" 21.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთდება ჟურნალისტების ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც ახლა მზადდება.
ტელეკომპანია „მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რაც არხზე მიმდინარე რეორგანიზაციით ახსნა.