პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
„მას შემდეგ, რაც ჩემი კომენტარი გავიდა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, მთხოვეს მოსვლა პროკურატურაში დღეს, 11.00 საათზე, თუმცა, შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ 17.00 საათზე უნდა მოვსულიყავი. როგორც ხედავთ, მე აქ ვარ და მათ დამიბარეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. არ ვიცი რასთან დაკავშირებით მიბარებენ. მითხრეს, რომ ჩემს ადრინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით მიბარებენ. ეს ეხება ან გენერალურ ინსპექციას, ან სამეგრელოს, ვერ გეტყვით"- განაცხადა თენგიზ გუნავამ.
გუნავასთან ერთად პროკურატურაში მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მივიდა. მისი თქმით, გუნავა მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
„გუნავას ინტერესებს ამჯერადაც მე დავიცავ. გამოძახებულია მოწმის სტატუსით. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რასთან დაკავშირებით არის დაბარებული. ეს ჩვენთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოვისმენთ უშუალოდ კითხვებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით" - განაცხადა ადვოკატმა.