ფრანგი მსახიობი გასპარ ულე, რეჟისორმა ბერტრან ბონელომ, ივ სენ ლორანის ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად ასობით პრეტენდენტს შორის შეარჩია. რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მოხდენილი ფრანგი მსახიობი, ცნობილი დიზაინერის როლზე იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, მოსამზადებელი ეტაპი დასასრულს უახლოვდება და ფილმის გადაღებების დაწყება შემდეგი წლის გაზაფხულზე იგეგმება. უცნობია ფილმის სახელწოდება.
28 წლის ულეს ფილმოგრაფიაში ათობით ფილმია. მსახიობს პოპულარობა მოუტანა ფილმმა „ხანგრძლივი ნიშნობა“, სადაც პარტნიორობას ოდრი ტატუ უწევს. ის ასევე მონაწილეობს ფილმებში: „დახურული წრე“, „ღარიბი ჟაკი“, „პრინცესა დე მონპანსიე“ და ა.შ.
მსახიობს ხშირად იღებენ სხვადასხვა რეკლამებში. ის მონაწილეობს მარტინ სკორსეზეს მიერ გადაღებული Chanel's Bleu-ს რეკლამაში.