გედევან ფოფხაძე:  ამნისტია სახელმწიფოს მხრიდან არა ჰუმანური აქტი, არამედ ვალდებულებაა

გედევან ფოფხაძე: ამნისტია სახელმწიფოს მხრიდან არა ჰუმანური აქტი, არამედ ვალდებულებაა

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სასჯელაღსრულებისა და სასამართლოს სისტემების ფონზე, ამნისტია სახელმწიფოს მხრიდან არა ჰუმანური აქტი, არამედ ვალდებულებაა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჰიპოტეტური უწოდა მოსაზრებას ამნისტიის გამოცხადების საფუძველზე ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ.

„ამგვარად კრიმინალური მდგომარეობის არანაკლები გაუარესება შეიძლება სამართალდამცავ ორგანოებში დარჩენილმა პოლიტიზებულმა ნომენკლატურამ თავისი საბოტაჟისა და სიტუაციის არევით გამოიწვიოს" - აღნიშნა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ამნისტიის პროექტის თანახმად, სასჯელის მოხდისგან თავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირები და იმ კატეგორიის პატიმრებს, რომელთა გათავისუფლებამაც შესაძლოა, საზოგადოებას საფრთხე შეუქმნას, ამნისტიის პროექტი არ შეეხება.

ამასთან, ფოფხაძე მიიჩნევს, რომ არასწორია მოსაზრება პატიმართა საქმეების მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში განხილვის შესახებ. დეპუტატის თქმით, ინდივიდუალური რეჟიმი ერთის მხრივ, არის დროში საკმაოდ გაწელილი პროცესი და ეს მექანიზმი ხშირ შემთხვევაში, საქმეებით ვაჭრობას ემსგავსება.