რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა. ანუ, შენობა უკვე ქვეყნის უმაღლესი ორგანოს ბალანსზე ირიცხება. წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარლამენტის შენობა თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, რომელმაც აქტებით შენობა „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა, რომელიც 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მის დირექტორად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა. მართალია, შენობის გასხვისება ვერ მოესწრო, მაგრამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. თუ რა მიზნით, მოხდა შენობის გადაცემა? – from.ge დეპუტატ, გიორგი კარბელაშვილს ესაუბრა:
ქვეყნის უმაღლეს ორგანოს რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობა დაუბრუნდა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტყილებას?
-პარლამენტის ბალანსზე დაჯდა? ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფოს კუთვნილება არ არის? პარლამენტის შენობა ვიღაცას კი არ აჩუქეს, როგორც ამას „ენგურჰესზე“ ამბობდნენ, არამედ სხვა უწყებას გადაეცა. ეს შენობა არავისთვის მიუყიდიათ და ჭორებს ავრცელებენ.
თუმცა, პარლამენტის შენობა გაყიდვისთვის გამიზნული იყო, მაგრამ მისი გასხვისება ვერ მოესწრო. . .
-მოსწრებაზეც არ იყო. როგორც ვიცი, გაყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. მთავარი იცით რა არის? - ის, რომ პარლამენტის შენობა სახელმწიფოს ხელში იყო. თუმცა, იმაზე მსჯელობდნენ მისი პრივატიზება მოხდებოდა, გასხვისება თუ - რა.
თავდაპირველად, რა მიზნით გადაეცა შენობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მოგვიანებით შენობა „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა?
-„საპარტნიორო ფონდში“ რკინიგზის აქციებიც იყო და ეს ფონდი იმიტომ შეიქმნა, რომ მენეჯმენტი ერთი ყოფილიყო.
ანუ, ქვეყნის უმაღლესი ორგანოს შენობის გადაცემა-გადმოცემის პროცესში პრობლემას ვერ ხედავთ?
-ვერ ვხედავ. თუმცა, თბილისში პარლამენტის გადატანა - დიდი უზნეობაა, რადგან ამ შემთხვევაში, ჯინიანობაზეა საუბარი. ამით ქვეყანა რა სარგებელს ნახავს? ფაქტია, რომ დღეს ქუთაისში პარლამენტს სხვა დატვირთვა აქვს და ქალაქი მეორე პოლიტიკურ ცენტრად შეიქმნა.
პარლამენტის ქუთაისში გადატანის მიზეზად - დეცენტრალიზაცია დასახელდა. თუმცა, ხშირად, საკანონმდებლო ორგანო დეპუტატებისგან ცარიელია, განსაკუთრებით უმცირეობის წარმომადგენლებისგან. რატომ არ დადიხართ პარლამენტში?
- როგორ არ დავდივართ. . .
სჯობს, სიმართლე ვთქვათ. უმცირესობის წევრები სამსახურში ძალიან იშვიათად დადიხართ. უფრო სწორად, მაშინ, როცა რაღაც ხდება. რატომ არ უწყობთ დეცენტრალიზაციას ხელს?
-ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და არა ტყუილს. აგერ არ ვარ? ხომ მხედავთ? როცა საქმეა დავდივართ. თბილისი თავკომბალა არ უნდა იყოს. ფაქტია, რომ პარლამენტზე სულ დავაა.
რაც შეეხება თბილისის პარლამენტიდან გატანილ ინვენტარს. შესაძლოა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს და ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მართალია, თქვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სექტემბერში აღარ იყავით, რადგან ვაკეში კენჭს იყრიდით, მაგრამ ბრძანების გაცემის გამო (ბრძანება ვინ გასცა უცნობია) პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება - ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თუ პარლამენტის ექს სპიკერს, დავით ბაქრაძეს?
-ეს ინვენტარი სად გაიტაცეს? ესეც ახირება არ არის? ინვენტარი მოიპარეს? - ეს ყველაფერი სასაცილოა. რა შუაშია ბაქრაძე? ეს არის უსაქმურების ახირება. დღეს იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ეკონომიკა არ ჩამოინგრეს და ეს ხალხი ბაქარძეს რას აბრალებს, სკამები მოიპარაო?
თქვენი ინფორმაციით, სად წაიღეს პარლამენტის კუთვნილი ინვენტარი?
-ინფორმაცია არ მაქვს. საქმის კურსში არ ვარ. რა ინვენტარი წაიღეს?
მაგიდები, კარადები, ტექნიკა და ა.შ საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეების ზოგიერთი ოთახიდან უნიტაზებიც კი გაიტანესო. . .
ამ ჭიდაობასა და სისულელებში ქვეყანა ჩამოგვენგრევა. ეს არის უსაქმურობა და მეტი არაფერი. ყველამ მოსამართლის მანტია მოისხა და ყველა რევიზორი გახდა. გასაკეთებელია საქმე და ფაქტია, რომ რთულ სიტუაციაში ვართ.
საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებებს ამზადებს, რომლის მიხედვით, კონსიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. პროექტს მხარს დაუჭერთ?
-სოხუმში თუ იქნება აუცილებლად. ზღაპრებს იგონებენ, რაც სამარცხვინოა, რადგან ასეთი პარლამენტი მსოფლიოში არ არსებობს და ეს არის მიღწევა.
თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს 360 მლნ ლარიანი შენობა არაკომფორტულია. . .
-ეს არის სამუშაო რეჟიმი და იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რა არ მოგვწონს, არამედ უნდა ვიმუშაოთ. ერთი მითხარი, რა არ მოგწონს. . .
მაგალითად, უაჰაერობა. . .
ეგ არის ზღაპარი და სისულელე. სად არის უჰაერობა?
მედიის წარმომადგენლებს დეპუტატებისგან განსხვავებით, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში მუშაობა გვიწევს და უჰაერობაც გვაწუხებს. . .
-უჰაერობაზე, დასკვანს დებ ხომ? ფაქტია, რომ ეს ჩასაფრებული პროცესია. საქმე გააკეთონ უკეთესი იქნება და არა ის რა დაშალონ და რა დაანგრიონ. ჯერ ეიფორიაში ვართ. ამბობენ, რომ პარლამენტში თაგვებიც დარბიანო. ამაზე საუბარი სირცხვილია. ადამიანების ტვინის გამორეცხვა ხდება, რადგან ამდენი დაპირება გასცეს და რაზე საუბრობენ? - ეს ყველაფერი სპექტაკლია და ექვსი თვის მერე რა მოხდება?
თქვენი პროგნოზით, რა მოხდება?
-არაფერი, მაგრამ თუ არ განახევრდა ტარიფები, დაპირებები არ შესრულდა, კრიმინალი დაიწყო და ქვეყანამ უკან სვლა დაიწყო, თქვენ რა აზრზე იქნებით? ჩასაფრებული რეჟიმიდან არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა და სჯობს, საქმე გააკეთონ და მათ გვერდში დავუდგებით.