ჟურნალმა Forbes გამოაქვეყნა წლის შემაჯამებელი რეიტინგი, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ყველაზე მდიდარი მუსიკოსები, რომლებიც სიმღერებს ინგლისურ ენაზე ასრულებენ. პირველი ადგილი ამ სიაში დაიკავა რეპერმა Dr.Dre, რომელიც რეიტინგის ხუთეულში ამერიკის ერთადერთი წარმომადგენელია,- დანარჩენი ოთხი იღბლიანი მუსიკოსი ბრიტანელია.
რეპერის შემოსავლები 110 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ამ ფულის უმეტესობა მას მუსიკით არ მიუღია. Dr.Dre ფლობს ყურსასმენების მწარმოებელი ბრენდის აქციების საკონტროლო პაკეტს. მის შემდეგ მოდის ჯგუფი Pink Floyd-ის დამფუძნებელი როჯერ უოტერსი, რომელიც მსოფლიო ტურნე The Wall Live-ის დახმარებით გამდიდრდა. მუსიკოსმა ოთხმოცდარვა მილიონი დოლარი მიიღო.
რეიტინგში მესამე ადგილზეა ბრიტანელი შემსრულებელი სერ ელტონ ჯონი, რომელიც 80 მილიონი დოლარის მფლობელია. მეოთხე ადგილზეა U2 -ს ირლანდიური ხუთეული 78 მილიონი დოლარით. ბოლო ადგილი ხუთეულში დაიკავა ბრიტანულმა ჯგუფმა Take That, რომელმაც 69 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
შემდეგ პოზიციაზეა ამერიკელი მუსიკოსი ბონ ჯოვი 60 მილიონი დოლარით. პოპ-შემსრულებელი ბრიტნი სპირსი 58 მილიონ დოლარს ფლობს და რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მერვე და მეცხრე ადგილები პოლ მაკარტნიმ და ტეილორ სვიფტმა გადაინაწილეს. რეიტინგში 10 ადგილი წელიწადში გამომუშავებული 55 მილიონი დოლარით, კანადელმა თინეიჯერმა ჯასტინ ბიბერმა დაიკავა.
ამერიკელი პოპ-მომღერლების რიანასა და ლედი გაგას შემოსავალმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო ბიონსე, რეიტინგში მეთექვსმეტე ადგილზე 40 მილიონი დოლარით მოხვდა. მათი კოლეგა ადელი, წელს ამ რეიტინგში მხოლოდ 22-ე ადგილზეა, მისი შემოსავალი 35 მილიონ დოლარს შეადგენს.