„ნაციონალური მოძრაობისთვის“ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნება მიუღებელია. როგორც from.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის ისევ, პარლამენტის ბალანსზე დაბრუნება იმაზე მითითებს, რომ ხელისუფლებას პარლამენტის აპარატის თბილისში გადმოტანა უნდა.
როგორც ოჩიაურმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას პრინციპულად ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს ჰარმონიული განვითარებისთვის პარლამენტის ქუთაისში არსებობა მნიშვნელოვანია.
„პრობლემა იმაშია, რომ დღემდე, ხელისუფლებას უნდა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, რასაც ჩვენი პრინციპული მოსაზრება ეწინააღმდეგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ჰარმონიული განვითარებისთვის და ქუთაისის როლის გაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში არსებობა“ - განუცხადა from.ge-ს ოჩიაურმა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც საპარტნიორო ფონდის განკარგულებაში იყო, პარლამენტის ბალანსზე გუშინ დაბრუნდა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემის მოგვარების შემდეგ, პარლამენტს შეეძლება ტენდერის გამოცხადება და შენობის აღდგენის მიზნით სამუშაოების დაწყება.